როგორ იცხოვრა 2016 წელს ქართულმა თეატრმა, შეიცვალა თუ არა ის, რომელ თეატრს, რომელ მსახიობს თუ რეჟისორს ჰქონდა მაღალი პროფესიონალური დონე, ამას ჩვენი მცირე წერილიდან შეიტყობთ.
გასული წლის ლიდერი რეჟისორები: რობერტ სტურუა, რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლით ბერთოლდ
ბრეხტის მიხედვით „დაკანონებული
უკანონობა“ და დავით დოიაშვილი,
მუსიკისა და დრამის თეატრში განხორციელებული მარტინ მაკდონას „ბალიშის კაცუნა“.
ღვაწლმოსილი რეჟისორი,
სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდის 20 წლიან ისტორიას იკვლევს და იუმორით, თავისი
რეჟისორული სტილის ერთგულებით, ქართველ ხალხს იმ დაკანონებულ უკანონობაზე ესაუბრება,
რომელსაც რამდენი წელია ვებრძვით. თუ რობერტ სტურუა ჩვენი ცხოვრების რეზულტატს გვიჩვენებს, რეჟისორი დავით დოიაშვილი ამ
რეზულტატის მიზეზების ფესვებამდე მიდის და ამბობს: ოჯახური ძალადობიდან იწყება
პიროვნების დეგრადაცია და ბავშვობიდან ხდება ინდივიდის მასის ნაწილაკად გადაქცევა.
ფანტაზია და წარმოსახვა, ჩვენ რჩეულ რეჟისორებს უხვად აქვთ, ამასთან ორივე ფსიქოლოგიაზე მუშაობს. რობერტ სტურუა ფართო მონასმებს ნიუანსებით ტვირთავს, დავით დოიაშვილი მსახიობების სცენურ ურთიერთობაზე აგებული ხანგრძლივი ეპიზოდებით, თანამონაწილედ გადაგაქცევთ. რობერტ სტურუა გეუბნება - აი, ის რას აკეთებს, ხოლო დავით დოიაშვილი - აი, შენ თავს რა ხდება...
![]() |
| „დაკანონებული უკანონობა“ |
ფანტაზია და წარმოსახვა, ჩვენ რჩეულ რეჟისორებს უხვად აქვთ, ამასთან ორივე ფსიქოლოგიაზე მუშაობს. რობერტ სტურუა ფართო მონასმებს ნიუანსებით ტვირთავს, დავით დოიაშვილი მსახიობების სცენურ ურთიერთობაზე აგებული ხანგრძლივი ეპიზოდებით, თანამონაწილედ გადაგაქცევთ. რობერტ სტურუა გეუბნება - აი, ის რას აკეთებს, ხოლო დავით დოიაშვილი - აი, შენ თავს რა ხდება...
საუკეთესო სცენური ატმოსფეროს შემქმნელი: რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის მიერ ჭიათურის
თეატრში განხორციელებული სპექტაკლი „მეთევზე ერთი, ორი...“. მსახიობებთა შესრულებით,
სცენოგრაფიით, ზუსტად განსაზღვრული ტემპო-რიტმით, უმცირესი მოძრაობის წინასწარ
გათვლილი ლოგიკით, რეჟისორი ქმნის თითქოს ორი ადამიანის, მაგრამ საბოლოოდ მაინც
ჩვენი ტრაგიკული, ქართული ცხოვრების სულიერ მდგომარეობას. წარმოდგენა დასაწყისშივე
გითრევთ, გასაქანს არ გაძლევთ და ეს პროცესი სპექტაკლის დასრულებამდე გრძელდება.
ქართულ თეატრში ჩამოყალიბებული სათეატრო ხერხების გამოყენება და შტამპების წინააღმდეგ ბრძოლა: ამ ნიშნით აღვნიშნავ ქუთაისის ლადო მესხიშვილის
სახელობის თეატრის სპექტაკლს „რევიზორი“,
სადაც გამოჩნდა რეჟისორ გიორგი
სიხარულიძის არაჩვეულებრივი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი. მრავალსახოვან
სპექტაკლში, ყველა ეპიზოდი, თავისი განვითარებით ანგრევს გოგოლის ამ გახმაურებული
ნაწარმოების სცენური ვერსიებში ასახულ შტამპებს.
ავტორის სტილისტიკაში მუშაობა: ამ ნიშნით გამოვყოფ
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის სპექტაკლს ჰენრიკ იბსენის „ხალხის
მტერს“, რომელიც რეჟისორმა დავით მღებრიშვილმა განახორციელა. სტილისტიკაში მუშაობა
ხელობის ცოდნას მოითხოვს, რაც ამ წარმოდგენის ხილვის დროს ნათელია.
წარმატებული ექსპერიმენტი და ახალგაზრდა რეჟისორები: ეს შეფასება უდავოდ
ეკუთვნის სამეფო უბნის თეატრის ახალგაზრდა რეჟისორს დათა თავაძეს, იმავე თეატრში განხორციელებული სპექტაკლისთვის
„პრომეთე“ (დამოუკიდებლობის 25 წელი). მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი ექსპერიმენტებისა
და ძიებებისთვის შეიქმნა და რაოდენ სასიხარულოა, როცა ამ გზას ადგას სამეფო უბნის
თეატრი, რომლის ძიებები, ალბათ შედეგს გამოიღებს. „პრომეთეში“ სამსახიობო შტამპებისგან
თავისუფალი ახალგაზრდა არტისტები ქმნიან ტრაგიკულ პორტრეტებს და ზოგიერთი, თავისი
გავლენის ძალით, გვიყალიბებს როგორც პერსონაჟის, ისევე ერის ტრაგედიის მიზეზებს. ვანო ხუციშვილი, ახალციხის თეატრში
დადგმული სპექტაკლით, დათა ფირცხალავას „დიდი შესვენება“. ახალგაზრდა რეჟისორი
ლამობს პერსონაჟების ურთიერთობის ლოგიკურ აგებას, რაც ქართული თეატრის აქილევსის
ქუსლია.
ქალი მსახიობების რჩეული ხუთეული: ბუბა გოგორიშვილი და ნანა ბუთხუზი,
მუსიკისა და დრამის თეატრის სპექტაკლში „ბალიშის კაცუნა“; მაია ცეცხლაძე ბათუმის თეატრის სპექტაკლში „რამდენი დემონიც გნებავთ“;
ნანა ფაჩუაშვილი, რუსთაველის თეატრის
სპექტაკლში „ორი სამყაროს გასაყარზე“, ნინო
კასრაძე, სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლში „მარინა რევია“.
მამაკაცი მსახიობების რჩეული შვიდეული:
კახა კინწურაშვილი, სპექტაკლში
„ბალიშის კაცუნა“; ზურაბ ყიფშიძე, სპექტაკლში
„მეფე ლირი“; ზვიად დოლიძე, რუსთავის
თეატრის სპექტაკლში „ბრძოლა ტახტისთვის“; მურმან
ჯინორია, რუსთაველის თეატრის სპექტაკლში „ორი სამყაროს გასაყარზე“; დავით ხურცილავა, სამეფო უბნის თეატრის
სპექტაკლში „თარგმანები“; ზუკა პაპუაშვილი
რუსთაველის თეატრის სპექტაკლში „დაკანონებული უკანონობა“; დავით როინიშვილი, ჭიათურის თეატრის სპექტაკლში „მეთევზე ერთი,
ორი...“
საუკეთესო
ახალგაზრდა მსახიობი ქალი: კატო კალატოზიშვილი, სამეფო უბნის
თეატრის სპექტაკლში „პრომეთე“, ანა ბებია
სანდრო მრევლიშვილის სპექტაკლში „პარტახი“, ქეთი
ხიტირი, რუსთაველის თეატრის სპექტაკლში „ორი სამყაროს გასაყარზე“;
საუკეთესო
ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცი:
გაგა შიშნაშვილი „პრომეთე“; ცოტნე ხუბუტია, ცხინვალის ივანე მაჩაბლის თეატრის
სპექტაკლში „ჯაყო“;
საუკეთესო სცენოგრაფი: დავით დოიაშვილი, „ბალიშის კაცუნა“, შოთა გლურჯიძე „მეფე ლირი“,
P.
S. საჭიროა, უკლებლივ
ყველა ახალგაზრდა რეჟისორისთვის სცენური სივრცის შექმნა, სადაც ისინი დადგამენ
სპექტაკლებს. აუცილებელია ამ რეჟისორების დაფინანსება და მერე, დაახლეობით 5 სპექტაკლის დადგმის შემდეგ, მათი ძიებების
შეფასება და ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესებში, მათი ადგილის დადგენა.
P.
S. S. ამ სტატიაში მოყვანილი რეჟისორებისა და
მსახიობების რიგითობა, არ ნიშნავს „I, II an III“ ადგილს...







